მშობელი – ბავშვის პირველი მასწავლებელი

შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ბავშვის ცხოვრებაში მშობლისა და მასწავლებლის როლი განსხვავებულია. სინამდვილეში, მშობელი შვილისთვის პირველი მასწავლებელია. ყოველდღიური რუტინა საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის. იქამდე, სანამ ისინი თავად შეძლებენ კითხვას, წიგნის სიყვარულს მშობლისგან სწავლობენ. მათი წიგნიერება პატარა ასაკიდანვე იწყება და დროთა განმავლობაში ღრმავდება. თუმცა, წიგნის გარდა, არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, რომელთა დახმარებითაც მათი ცნობიერების ამაღლებას პატარა ასაკიდანვე შევძლებთ. ამ სტატიაში სამ მათგანს განვიხილავთ.

ამბის თხრობა
საუბრის დაწყება ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, რთული პროცესია. ამ დროს, მშობლის ჩართულობისა და მხარდაჭერის როლი ფასდაუდებელია ბავშვის სწორად განვითარებისთვის. თანამედროვე ფსიქოლოგია გვირჩევს, რომ ცალკეული სიტყვების ხშირად გამეორებასთან ერთად, მშობლები პატარებს ამბის ენით ვესაუბროთ. ასე დავეხმარებით, დაიმახსოვრონ სიტყვები, ინტონაციები, წინადადებები და ა.შ. მათი მეტყველებაც ეტაპობრივად გაუმჯობესდება და შედარებით მოკლე დროში უფრო ყოვლისმომცველი გახდება.
გარდა ამისა, მშობლის მიერ მოთხრობილი ამბის მოსმენა ხელს უწყობს ბავშვის ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა: წარმოსახვის, მოსმენის, დაკვირვების უნარი.

 ნივთების აღწერა
ვიზუალიზაცია ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვმა უკეთ აღიქვას კონკრეტული ნივთები და შეისწავლოს მათი დასახელება. ამისათვის, ფსიქოლოგები აღწერის მეთოდის გამოყენებას გვირჩევენ. მაგალითად, შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ოთახი, მიმოიხედოთ და იქ განთავსებული ავეჯი თუ სხვა ნივთები ბავშვთან ერთად აღწეროთ. მათი ჩვენება, შეხება და სახელდება დაეხმარება ბავშვებს, რომ დაიმახსოვრონ და უკეთ აღიქვან ნივთები რეალობაში. მოგვიანებით, თამაშის ფორმატი ოდნავ შეცვალეთ და შესთავაზეთ, რომ ახლა თვითონ შეეცადოს ოთახში განთავსებული ნივთების დასახელება. ასეთი თამაში მას აღქმის, მეტყველების, დამახსოვრების უნარის განვითარებაში დაეხმარება.

 წიგნთან ურთიერთობა
კითხვის სიყვარულს ბავშვები წიგნისადმი ინტერესით იწყებენ, ამიტომ მიეცით მათ საშუალება, ფიზიკურად შეისწავლონ წიგნი – წაახალისეთ, რომ გადაფურცლონ და იმიტირებულად ეცადონ წაკითხვას. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, დაიწყონ დაკვირვება და აღეძრათ მოსმენის, კითხვის, წიგნთან ურთიერთობის სურვილი. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ბავშვები დასწავლილი ქმედებების დიდ ნაწილს სწორედ მშობლებისგან ითვისებენ. ამიტომ თუ გვსურს, რომ წიგნის კითხვა შევაყვაროთ, ისინი ხშირად უნდა გვხედავდნენ, როგორ ვკითხულობთ თავად.

მართალია, ბავშვებს გემოვნება და ინტერესები წლებთან ერთად ეცვლებათ, თუმცა ის, რასაც პატარა ასაკიდან იღებენ, მუდმივად რჩება მათ ცნობიერებაში. აქედან გამომდინარე, მშობლის, როგორც მასწავლებლის როლი, მათი აღზრდის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია.

 

წყარო

თარგმნა ქეთო სანიკიძემ