მშობლის როლი ბავშვის განათლებაში

მოზარდების სასწავლო პროცესის წარმატებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, ერთ-ერთი და მთავარი როლი კი, ამ პროცესში მშობლებს უკავიათ.

თანამედროვე ფსიქოლოგია მიიჩნევს, რომ ბავშვის სწავლის პროცესში ჩართულობის მხრივ, მშობლებსა და მასწავლებელს თანაბარი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ერთი მხრივ, მშობლების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მასწავლებლის პასუხისმგებლობის ნაწილია, მშობლები კი, თავის მხრივ, სასურველია, ზომიერად ერთვებოდნენ შვილების განათლების პროცესში.  მასწავლებლისა და მშობლის კოლაბორაცია გაცილებით უკეთესი შედეგის მომტანია ბავშვის განვითარებისთვის, რადგან მათი თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა დადებითად აისახება ბავშვების როგორც ემოციურ სტაბილურობაზე, ისე – მათ პროდუქტიულობაზე.

მშობელთა ჩართულობის საჭიროების საკითხი ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამოიკვეთა, რადგან ონლაინ სასწავლო პლატფორმები, რომლებიც შვილის სასკოლო წარმატების შესახებ თითქოს მშობელთა მეტ ინფორმირებულობას უზრუნველყოფს, რეალურად გაცილებით აფერხებს მათ უშუალო ჩართულებას სასკოლო პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ მშობლები ონლაინ პლატფორმების საშუალებით თვალს ადევნებენ საგაკვეთილო ცხრილებს, დავალებებს, შეფასებებს და ა.შ., ისინი ნაკლებად ამყარებენ პირდაპირ კომუნიკაციას როგორც მასწავლებელთან, ისე – საკუთარ შვილებთან. ამიტომ, თანამედროვე ეპოქაში მშობელთა კრებაზე თუ სხვა ტიპის შეკრებებზე დასწრება და სასკოლო აქტივობებში შვილებთან ერთად მონაწილეობა კიდევ უფრო მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი გახდა. მშობლის ზომიერი ყურადღება და მხარდაჭერა სასკოლო პროცესების მიმართ, ბავშვს ხშირად მოტივაციას ჰმატებს, ახალისებს და განათლების მნიშვნელოვნებას მეტად შეაგრძნობინებს.

კვლევების თანახმად, ბავშვები სკოლაში უკეთეს აკადემიურ წარმატებას აღწევენ, როდესაც მშობლები მეტ ინტერესს იჩენენენ საშინაო დავალების მიმართაც – ეს აჩვენებს ბავშვებს, რომ ის, რასაც ყოველდღიურად აკეთებენ, მათი განვითარებისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ მშობლების მონაწილეობა მხოლოდ დავალების ტექნიკური მომზადების კუთხით არ შემოიფარგლოს, ფსიქოლოგები რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვთავაზობენ:

1. შეეცადეთ, ბავშვს მეცადინეობისათვის სასიამოვნო გარემო შეუქმნათ და ყველა საჭირო სასკოლო ნივთით უზრუნველყოთ.

2. სასურველია, სამეცადინოდ გამოყოთ კონკრეტული დრო – ეცადეთ, დააკვირდეთ მათ განწყობას დღის განმავლობაში. მაგალითად, თუ ხედავთ, რომ სკოლიდან ხშირად დაღლილი მოდის, მიეცით საშუალება, განიტვირთოს და ენერგია აღიდგინოს იმისათვის, რომ მზად იყოს საშინაო დავალებების შესრულებისათვის.

3.საშინაო დავალებების შესრულება, ხშირად, სტრესთან ასოცირდება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ბავშვის მოტივაციას და ისე მივუდგეთ, რომ სწავლა მისთვის მაქსიმალურად სასიამოვნო პროცესი იყოს. შეეცადეთ, იყოთ ბავშვის მოტოვატორი – შეაქეთ სწორად შესრულებული დავალებისთვის და მშვიდად, ანალიზის გზით მიუთითეთ დაშვებულ შეცდომებზე.

4. თუ ბავშვს ხშირად აქვს პრობლემა დავალების შესრულებისას, შეიძლება, ეს მხოლოდ მისი აკადემიური შესაძლებლობებით არ იყოს გამოწვეული. ასეთ დროს, სასურველია, გაესაუბროთ მასწავლებელს და დარწმუნდეთ, რომ მოსწავლეს საკლასო ოთახში რაიმე პრობლემა არ ექმნება.

როდესაც მშობლები და მასწავლებლები ღიად და ზომიერი ჩართულობით ურთიერთობენ ერთმანეთთან და ბავშვთან, მოზარდის აკადემიური წარმატება და პროდუქტიულობა მეტად მოსალოდნელია. ამ შემთხვევაში, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რამდენად პრესტიჟულია სკოლა, რომელშიც ბავშვი დადის ან რა სოციალური სტატუსის მატარებელია ის, მშობლის ჩართულობა და მხარდაჭერა სასწავლო პროცესში ბავშვის სასკოლო განვითარების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია.

 

წყარო

თარგმანი: ქეთო სანიკიძე