შექების მნიშვნელობა

შექებას, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ორი ძირითადი მიზანი აქვს: ერთი არის ემოციური ნაწილი, რომ ბავშვმა იგრძნოს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი ყოველი პატარა ნაბიჯი, მიღწევა თუ წარმატება. ან თუნდაც ის, რომ რაღაც ისე კარგად არ გამოსდის. შექებით ბავშვი იღებს უკუკავშირს იმასთან დაკავშირებით, რომ მშობელმა შეამჩნია მისი რაღაც ქმედება.

მეორე, შექების შინაარსობრივი ნაწილი, არის ის, რომ მშობელი დაეხმაროს ბავშვს, შეამჩნიოს საკუთარი განვითარების რაღაცა ნაბიჯები და რაღაც შეცვალოს ან რაღაც გააუმჯობესოს; ასე ვთქვათ, მიიღოს ერთგვარი უკუკავშირი. შექების დანიშნულება არის ის, რომ ის გარეგანი შეფასება, რომელსაც ადრეულ ასაკში ბავშვი მშობლისგან იღებს, გადაიქცეს რაღაც შინაგან ხმად და შემდეგ, უკვე ცხოვრების განმავლობაში, ის თავად აძლევდეს საკუთარ თავს ქმედებებთან დაკავშირებით, აი, ამ უკუკავშირს, რომ რაღაცა კარგია, რაღაცა არასწორია, რაღაცა გასაუმჯობესებელია, რაღაცა სასიამოვნოა და ასე შემდეგ.

მშობლები, როგორც წესი, შექებას იყენებენ ხოლმე იმ მიზნით, რომ ბავშვების თვითშეფასება გააუმჯობესონ, მაგალითად, ან მხოლოდ მაშინ იყენებენ, როდესაც შეამჩნევენ, რომ ბავშვი არ არის თავდაჯერებული და იწყებენ მის რაღაც გადაჭარბებულ ქებას. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ გადაჭარბებული ქება არ მოქმედებს პოზიტიურად ბავშვის განვითარებაზე იმიტომ, რომ ყველა ბავშვი ამჩნევს ხოლმე, რომ ეს გადაჭარბებულია და უჩნდებათ პროტესტის განცდა; ან კითხვის ნიშნები უჩნდებათ, რომ რატომ მეუბნებიან მე ამას, მე ხომ ეს არ გამიკეთებია ასე კარგად, მაგალითად, და კიდევ უფრო უძლიერდებათ შფოთვა იმის შესახებ, რომ რაღაცას გულწრფელად არ ეუბნებიან. ამიტომ, ჩვენი შექების დროს, რასაც არ უნდა ვეუბნებოდეთ ბავშვს, მნიშვნელოვანია, რომ იგრძნობოდეს გულწრფელობა. ბავშვებს ეს ემოციური ინტელექტი საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული და ყოველთვის გრძნობენ, როდესაც რაღაცა ისეთი გულწრფელი არ არის.

სხვადასხვა ოჯახში ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა სტილს შექების, ხომ?! ზოგიერთი მშობელი მიიჩნევს, რომ შექება უნდა იყოს მუდმივად კრიტიკული და მუდმივად ორიენტირებული იმაზე, თუ რა აქვს ბავშვს კიდევ უფრო გამოსასწორებელი; და ზოგჯერ მშობლები ფიქრობენ, რომ არ უნდა გაათამამონ და არ უნდა გაანებივრონ დადებითი კომენტარებით ბავშვი, იმიტომ, რომ ის ვეღარ შეძლებს განვითარებას, – ზოგჯერ ასე ფიქრობენ მშობლები. ან მეორე ტიპის ოჯახებში, მეორე ტიპის უკუკავშირის შემთხვევაში, მშობლები მხოლოდ პოზიტიურ, მხოლოდ დადებით უკუკავშირს აძლევენ შვილებს და, მაგალითად, არ საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელიც არის გასაუმჯობესებელი. რა თქმა უნდა, ეს ორივე რადიკალური შემთხვევა და სტილი, არც ისე ეფექტურია და რაღაცა შუალედური ვარიანტი უნდა მოიძებნოს. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ იცოდეს, თუ რა გამოსდის კარგად და ისიც, რა შეიძლება უკეთესად გააკეთოს და, ასევე, როგორ შეიძლება, რომ ეს რაღაცა უკეთესად გააკეთოს. ხშირად ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც პირდაპირ ბავშვს ეუბნებიან: „კარგი ბიჭი ხარ“! ან – „კარგი გოგო ხარ“! მაგალითად, დახატა რაღაც და ჩვენ კი არ ვეუბნებით, რომ „რა ლამაზი ნახატია“! ან, როგორ კარგად ჩანს, მაგალითად, თოვლი, ან, რა კარგად მოგიფიქრებია, რომ ასე გაგენაწილებინა ეს რაღაც ხეები, ხომ, ფურცელზე; ჩვენ ვეუბნებით, რომ „ყოჩაღ, რა კარგი ბიჭი ხარ!“ და ეს, თითქოს, ძალიან კარგია, ხომ?! ცუდს არაფერს ვეუბნებით, ვეუბნებით, რომ კარგი ხარ, მაგრამ ბავშვი შემდეგ… ეს მისთვის რას ნიშნავს: – ეს არის მესიჯი, რომ თუ კარგად გამომდის – კარგი ვარ; ესე იგი, როცა რაღაც არ გამომდის – ცუდი ვარ…  და ჩვენ რომ ეს უარყოფითი ფრაზა აღარც ვუთხრათ მას, ის უკვე თავად თარგმნის ამას უკვე იმ სიტუაციებში, როდესაც მას უარყოფითს არავინ ეუბნება. თავად თვითონ ეუბნება საკუთარ თავს, როცა რაღაც არ გამოუვა, ან ცუდად გამოუვა, ან შედარებით ნაკლებად გამოუვა, რომ „ცუდი ვარ“!..

ბავშვის განვითარებისთვის, ჯანსაღი შექებისა და ჯანსაღი უკუკავშირისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ამ უკუკავშირს მხოლოდ ბავშვის მიმართ კი არ გავცემდეთ, არამედ, ოჯახის წევრები ერთმანეთსაც აქებდნენ, ან საკუთარ თავსაც აქებდნენ. მაგალითად, მშობლები ყოველი წარმატების შემთხვევაში, ან რაღაცა პატარა ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ერთმანეთთან აღნიშნავდნენ თუ როგორ უხარიათ, რა მაგარია ეს ამბავი, ხომ?! ანუ, პატარა წარმატებებს აღნიშნავდნენ და ულოცავდნენ ერთმანეთს და, ასევე, საკუთარ თავს. იმიტომ, რომ ბავშვი საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებას სწავლობს როგორ – უყურებს მშობლები ერთმანეთთან როგორ ურთიერთობენ, მშობლები სხვა ადამიანებთან ერთად როგორ ურთიერთობენ და მშობლები თვითონ ამ ბავშვთან როგორ ურთიერთობენ. ასევე, მშობლები საკუთარ თავთან როგორ ურთიერთობენ, ხომ?! ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა, იმ ადამიანებმა, ვინც ბავშვის ირგვლივ არის, საკუთარ თავსაც მისცენ ხოლმე უკუკავშირი, საკუთარი წარმატებებიც აღნიშნონ, გაუხარდეთ, როცა რაღაცა კარგად გამოსდით… ამით ბავშვი სწავლობს იმას, რომ თვითონაც შეუძლია, რომ გაეხარდეს, როდესაც რაღაცა კარგად გამოსდის.

შექება, როგორც უკუკავშირის ფორმა, არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ სიტყვიერი იყოს. ჩვენ რომ რაღაც მოგვწონს და გვსიამოვნებს, ეს შეიძლება გამოვხატოთ მხოლოდ მზერითაც, ან ბავშვთან ახლოს მისვლით, ან მხარზე, ან ხელით შეხებით და ესეც მისთვის არის უკუკავშირი; ესეც ზოგჯერ, სიტყვებზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გავუღიმოთ, ის, რომ ჩავეხუტოთ, ის, რომ რაღაც, ხელი გადავუსვათ და ის, რომ გამოვხატოთ, რომ ჩვენ ბედნიერნი ვართ, ანუ ჩვენ გვსიამოვნებს ის, რასაც ვუყურებთ. იმიტომ, რომ ბავშვები ამას ძალიან კარგად აღიქვამენ და კარგად იჭერენ. ზოგჯერ, სიტყვებში არც ჩანს ხოლმე აი, ის სიხარული. შეიძლება ვუთხრათ, რომ „რა გარგად გამოგივიდა“! მაგრამ ჩვენი ემოცია ბავშვს ეუბნებოდეს, რომ სრულიად სხვა რაღაცას ვგულისხმობთ ან თავს არ ვგრძნობთ ასე; ანუ, სხვა რაღაცას ვგრძნობთ და სხვა რაღაცას ვეუბნებით; და ბავშვები ამ ემოციას ბევრად უკეთესად აღიქვამენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სიტყვებთან ერთად, ჩვენი არავერბალური სიგნალები – ჩვენი ხმის ტემბრი, ჩვენი ჟესტიკულაცია, ჩვენი სახის მიმიკა ზუსტად იმავეს ამბობდეს, რასაც სიტყვიერად ვამბობთ. ან იყოს მხოლოდ ეს არავერბალური ნაწილი სიტყვების გარეშე, იმიტომ, რომ ესეც ბავშვისთვის არის შექების ფორმა, ანუ, ესეც გასაგებია ხოლმე ბავშვისთვის, რომ მშობელს უხარია.

თანამედროვე მშობლები ბევრს კითხულობენ, ბევრს უსმენენ, ბევრ ინფორმაციას ეცნობიან და ცდილობენ, რომ ეს მშობლობის უნარები განივითარონ, რაც ძალიან კარგია, თუმცა ამ პროცესში, ზოგჯერ, გვემართება ხოლმე, რომ უცებ ვცვლით სტრატეგიას. მაგალითად, მოვუსმინეთ რაღაც ლექციას საღამოს და მეორე დღის დილიდან ვიწყებთ სრულიად სხვანაირად ქცევას ბავშვთან. აი, ამ დიდ, რადიკალურ ცვლილებას ბავშვები, რა თქმა უნდა, კარგად ამჩნევენ და იბნევიან ხოლმე, ვერ ხვდებიან, რატომ შეიცვალა მშობელი უცებ. აი, მაგალითად, რატომ აქებს უცებ მუდმივად, ან რატომ აღარ ეუბნება იმას, რასაც მანამდე ეუბნებოდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი ცვლილება იყოს რაღაც უფრო დინამიკური, უფრო ჰარმონიული და უფრო ბუნებრივად გადავიდეს, ანუ, უფრო ნელ-ნელა შემოვიტანოთ ახალი მეთოდები, ახალი ფრაზები ჩვენს ლექსიკაში, რომ ბავშვის გაოგნება, გაოცება და დაბნეულობა არ გამოვიწვიოთ. და რაც მთავარია: ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ლექციების მოსმენასთან ერთად, ვუსმინოთ ბავშვს, ვუყუროთ ბავშვს და ვეცადოთ, რომ გავიგოთ, ის რას გვეუბნება, გავიგოთ მისი მესიჯები, ასე ვთქვათ, მას რისი თქმა უნდა ჩვენთვის. იმიტომ, რომ ყოველთვის ყველაზე სწორ გზას ბავშვის რეაქციები გვიჩვენებს ხოლმე. უნდა დავაკვირდეთ, როდის არის ბედნიერი; ვეცადოთ, რომ გავიგოთ თუ როგორ გრძნობს თავს თუნდაც ჩვენი ნებისმიერი ქმედების ან ნებისმიერი ფრაზის დროს და უფრო გავყვეთ მის სიგნალებს, მის ემოციებს, მის მდგომარეობას და გავითვალისწინოთ…

ამონარიდი პროექტ „მშობლის გზამკვლევის” ფარგლებში ჩაწერილი ვიდეოლექციიდან.

აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის ფსიქოლოგი – ანა მიქიაშვილი.