სკოლაში დაბრუნების ემოციური გზამკვლევი

დაბრუნება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის თავისუფალი რეჟიმის, დასვენების, ნაკლები ვალდებულებებისა და უდარდელობის დასასრულს გვამცნობს… სექტემბრის მოსვლა თითქოს გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ სასიამოვნო პერიოდი დასრულდა, რასაც ხშირად თან ერთვის გაღიზიანება, შფოთვა, სევდა და სხვა რთულად განცდადი ემოციები. გარდამავალი პერიოდისთვის მსგავსი თანმდევი ემოციები სრულიად ბუნებრივია.  ცვლილების მოახლოებისას მოსალოდნელი ცვლილების შინაარსზე მეტად სტრესის მომტანი ის მოლოდინებია, რომლებიც ცვლილებების მიმართ ჩნდება.

 

მოლოდინების ორი პოლარობა

გარდამავალ ეტაპზე მოსწავლეების უმეტესობა ორი მიმართულებით იწყებს ფიქრს. 

  • წელს ყველაფერი იდეალურად იქნება – სწავლაში მეტი ძალისხმევა ჩაიდება, საქმე აღარ გადაიდება ან ეკრანთან გატარებული დრო შემცირდება – ამგვარი მოლოდინები ხშირად იმედგაცრუებას იწვევს, რადგან ერთ დღეში ქცევა რადიკალურად ვერ შეიცვლება. ცვლილება ეტაპობრივი პროცესია, ნერვულ სისტემასა და ფსიქიკას ახალ რიტმთან ადაპტაციისთვის დრო (რამდენიმე კვირა) სჭირდება. 
  • ყველაფერი გართულდება და გაუარესდება – პასუხისმგებლობების ზრდა, საგნების დამატების მოლოდინი, შფოთვა, თავის არიდების მცდელობა –  ამ განცდებს უმეტესად უცნობი გამოცდილების შიში ამძაფრებს. გაურკვევლობა ხშირად უფრო დამთრგუნველია, ვიდრე თავად რეალობა. ეს მდგომარეობა სასწავლო წლის დაწყებამდე ბუნებრივია, იმავდროულად შფოთვა შესაძლოა იქცეს ცნობისმოყვარეობის წყაროდ ახალი სახელძღვანელოების დათვალიერებითა თუ  რამდენიმე თავის ზედაპირული გადახედვით. ამასთანავე,  მნიშვნელოვანია მხარდამჭერი სისტემის (ოჯახის წევრი, მასწავლებელი, თანატოლი, ტექნოლოგიები) არსებობის გაცნობიერება და ცოდნა იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარების მიღება შესაძლებელია. 

თვითზრუნვა აბიტურიენტებისათვის

აბიტურიენტებისთვის თვითზრუნვა განსაკუთრებით ღირებულია, ყოველდღიურობა გამოცდებისთვის მზადებად იქცევა, ასეთ დროს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არსებობდეს წინასწარგანსაზღვრული თავისუფალი დრო – კვირის რომელიმე დღე თუ დღის რომელიმე ერთი საათიც კი, დრო, როდესაც მშვიდად, დანაშაულის გრძნობის გარეშე შესაძლებელია დასვენება.  

სკოლა – უნიკალური მიკროსამყარო

სკოლის სოციალური გამოცდილებები უნიკალურია, ის ვერ განმეორდება არდადეგებზე ან სხვა გარემოში, მაგალითად, თანატოლებთან ცოცხალი, დინამიკური ურთიერთობები, საერთო იუმორი, რომელიც მხოლოდ კლასისთვის ან კლასის მეგობრებისთვისაა გასაგები, მზერითი კონტაქტი გაკვეთილზე და სიცილის შეკავების მცდელობა, შემაჯამებლების წინ საერთო მღელვარება და შემდეგ მისი ერთად განხილვა თუ პარალელკლასელებთან სპორტული შეჯიბრებები მოედანზე.

ამასთან ერთად, სასკოლო გარემო ხშირად არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს.  თუმცა მნიშვნელოვანია იმის გამიჯვნა, რა არ მოსწავლის პირადი არჩევანი და რა სცდება მისი კონტროლის წრეს, ასე, მაგალითად: საგაკვეთილო ცხრილი თუ სასკოლო წესები ვერ შეიცვლება, მაგრამ შესაძლებელია, ერთი მხრივ, დროისა და ენერგიის გადანაწილება, მეორე მხრივ, სასიამოვნოდ განცდადი აქტივობის არჩევა.

სასწავლო წელი ხშირად განიცდება, როგორც უწყვეტი დამღლელი მოცემულობა. თუმცა ამ უწყვეტობაშიც არსებობს ეტაპები: პირველი უქმეები, ზამთრის არდადეგები თუ სხვა დღესასწაულები…

 

სკოლა ცხოვრების მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად თანაარსებობს.

 

ავტორი: საკვირაო სკოლის ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სალომე ყურაშვილი