ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესები ქრონიკული სტრესის გამომწვევი ხდება. ასეთ სიტუაციაში მშობლისთვის განსაკუთრებით რთულია შეინარჩუნოს ფსიქიკური წონასწორობა და თან იზრუნოს, შექმნას ემოციურად უსაფრთხო და სტაბილური გარემო ბავშვებისათვის.
არასრულწლოვანები, საზოგადოების მოწყვლად ფენას წარმოადგენენ, რომლებიც კრიზისულ სიტუაციაში, ემოციურად მნიშვნელოვანი ზრდასრულების მხრიდან, მხარდაჭერას და უსაფრთხოების განცდის უზრუნველყოფას განსაკუთრებულად საჭიროებენ. ასეთ დროს ბავშვებს შესაძლოა დაეუფლოთ სხვადასხვა რთულად განცდადი ემოციები, როგორიც არის შიში, შფოთვა, სევდა, ბრაზი, გაურკვევლობისა და განუსაზღვრელობის შეგრძნება.
როგორ დავეხმაროთ ბავშვებს, გაუმკლავდნენ მიმდინარე მოვლენებისგან გამოწვეულ ემოციურ მდგომარეობებს?
1. კომუნიკაცია – მნიშვნელოვან და სანდო ადამიანებთან საუბარი, ინტენსიური ემოციებით დატვირთულ შინაარსებზე მნიშვნელოვანია!
ესაუბრეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ. დაუსვით ღია შეკითხვები, რათა მარტივად მოახერხოთ იდენტიფიცირება თუ რა ინფორმაციას ფლობს ბავშვი, გამოიკვლიეთ აქვს თუ არა დაბნეულობის, გაურკვევლობის განცდა ან დამატებითი შეკითხვა. მათთან კონტაქტი დამხმარეა, გაიგოთ, როგორ აღიქვამს ბავშვი არსებულ რეალობას და რა სახის ემოციები უფლება მოვლენების მიმდინარეობისას. ის შესაძლოა შიშობდეს თქვენი უსაფრთხოების გამო, ან ჰქონდეს შფოთვა, რომ რაღაც ცუდი მოხდება, თუმცა უჭირდეს იდენტიფიცირება და გამოხატვა ზრდასრულის დახმარების გარეშე.
2. უსაფრთხოების განცდის შექმნა – ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება, ადამიანის ბაზისურ საჭიროებას წარმოადგენს. ბავშვებთან უსაფრთხოების განცდა პირველ რიგში ემოციების ვალიდაციით მიიღება. ყურადღებით მოუსმინეთ, აღიარეთ მათი გრძნობები, ეცადეთ სახელი დაარქვათ მათ მიერ განცდილ ემოციებს და მხოლოდ ამის შემდგომ ნათელი გახადეთ მათთვის, რომ სახლში ან სხვა ნაცნობ გარემოში, ნაცნობ ადამიანებთან უსაფრთხოდ ყოფნაა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, ზრდასრულებმა აგრძნობინონ, რომ მიუხედავად კრიზისული სიტუაციისა არსებობენ ადამიანები, ვისი მხარდაჭერითაც შეძლებენ გაუმკლავდნენ შიშს და აღიდგენენ ფსიქიკურ წონასწორობას.
3. მიაწოდეთ ინფორმაცია – შეარჩიოთ შესაბამისი დრო და მშვიდი გარემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისათვის. მნიშვნელოვანია დააკვირდეთ თქვენს თავს, რამდენად შეძლებთ ისაუბროთ მშვიდი ხმის ტემბრით და ზომიერად გამოხატავდეთ საკუთარ ემოციურ დამოკიდებულებებს. მიაწოდეთ ბავშვს დემონსტრაციის ზოგადი მიზეზები, მაგალითად გაუზიარეთ რომ ქუჩაში ადამიანები გამოდიან მაშინ, როდესაც განსხვავებული აზრი აქვთ სხვადასხვა საკითხებზე, გაუზიარეთ ბავშვებს, რომ თუ ადამიანთა აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა, მნიშვნელოვანია მათ ერთმანეთს მოუსმინონ, დაიწყონ დიალოგი და ერთობლივად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე.
4. დააბალანსეთ ინფორმაციაზე წვდომა – ინფორმაციის ნაკადი, რომელიც ბავშვებს მიეწოდებათ, ხშირად შეიცავს მათთვის სენსიტიური შინაარსებით დატვირთულ მასალებს, ეცადეთ გააკონტროლოთ ინფორმაციაზე წვდომა, იქნება ეს სატელევიზიო არხი, სოციალური ქსელი თუ თქვენი ან ოჯახის წევრების საუბარი ამ თემატიკაზე. ეცადეთ თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, არ იყოს დატვირთული მომავლის ნეგატიური პროგნოზებით, საჭიროა დაიცვათ ბალანსი ნეგატიურ შეფასებებსა და სრულ იგნორირებას შორის, არ ეცადოთ ყურადღების გადატანას მხოლოდ დადებით მოვლენებსა თუ აქტივობებზე.
მნიშვნელოვანია ბავშვებს მიაწოდოთ ასაკობრივი განვითარებისთვის შესაბამისი ინფორმაცია.
5. შეუქმენით სივრცე, რომ დრო დაუთმოს მისთვის საყვარელ აქტივობებს – ბავშვებისთვის სტრუქტურირებული გარემოს არსებობა მნიშვნელოვანია. გარეგანი ჩარჩოს რღვევა და დროის ორგანიზებისთვის პასუხისმგებლობის აღება, შესაძლოა მათში შფოთვის გამომწვევი მიზეზი გახდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი პროტესტი ხანგრძლივად მიმდინარეობს. ყურადღება მიაქციეთ, რომ არსებულმა მდგომარეობამ, არ გამოიწვიოს ბავშვებში მნიშვნელოვანი აქტივობების ჩამოშლა. წაახალისეთ, ჩაერთონ მათთვის საყვარელ აქტივობებში, იქნება ეს ხატვა, სპორტული აქტივობები, მეგობრებთან ერთად დროის გატარება თუ სხვა. ეს მათ დაეხმარებათ მიმდინარე სტრესთან გამკლავებაში. მიეცით საშუალება, შექმნან სივრცე, სადაც თავისუფალი იქნებიან დაძაბული ემოციური ფონისგან.
6. იზრუნეთ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – ბავშვები აირეკლავენ ოჯახის ველში არსებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობებს. რთულია უსაფრთხოების განცდის შენარჩუნება, როდესაც მათთვის მნიშვნელოვანი ზრდასრულები ემოციურად არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან. იზრუნეთ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, დააკვირდით საკუთარ თავს, შეისწავლეთ თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ლიმიტები, დაისვენეთ როდესაც ამის საჭიროებას იგრძნობთ, აღიდგინეთ ძალები, ფსიქიკური წონასწორობა, რადგან მხოლოდ ამის შემდგომ შეძლებთ, იყოთ დამხმარე და ემოციური საყრდენი თქვენთვის მნიშვნელოვანი არასრულწლოვანებისათვის.
და ბოლოს, ის რაც ბავშვებს თქვენგან ყველაზე მეტად სჭირდებათ, ის რაც მისცემთ საშუალებას გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს არის თქვენი მხარდაჭერა და სიყვარული.
ბლოგის ავტორი: კლინიკური ფსიქოლოგი, სალომე ყურაშვილი