მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მეათე ადამიანი მენტალური ჯანმრთელობის სირთულის წინაშეა. ეს ციფრი გაცილებით გაიზრდებოდა, ისეთი საზოგადოებრივი სივრცის არსებობის შემთხვევაში, სადაც შესაბამისი სირთულის მქონე ადამიანები, უფრო ღიად ისაუბრებდნენ ამ ტიპის პრობლემებზე და კიდევ უფრო მეტად გააცნობიერებდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავის და ასევე სხვების დახმარებისთვის/მხარდაჭერისთვის სირთულეებთან პირისპირ შეხვედრა.
მენტალური ჯანმრთელობის სირთულეები გარკვეულ შემთხვევაში ნორმალური პასუხია გარემო პირობებსა თუ მოვლენებზე. რას წარმოადგენს მენტალური ჯანმრთელობა? ის ძირითადად სამ სფეროს მოიცავს. პირველი ემოციური მდგრადობაა, რაც გულისხმობს თვითცნობიერების განვითარებას, თვითშეფასებას და საკუთარი ემოციებისა და საჭიროებების გამოხატვას სოციალურად მისაღები ფორმით, ემოციურ რეგულაციას და ამავდროულად სხვა ადამიანების ემოციებისთვის მნიშვნელობის მინიჭებას. მეორე კომპონენტი სოციალური კეთილდღეობაა, რაც ნიშნავს, რომ შეგვეძლოს დავამყაროთ სასიამოვნო სოციალური ურთიერთობები და შევინარჩნოთ ის. მესამე კოგნიტიური მდგომარეობაა, რაც გულისხმობს, როგორ და რა საშუალებებით აღვიქვამთ და გადავამუშავებთ ირგვლივ არსებულ რეალობას, ფაქტებსა და მოვლენებს, როგორ ვიმახსოვრებთ და როგორია ჩვენი “პასუხი” გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ ერთსა და იმავე სიტუაციას სხვადასხვა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს, ამუშავებს და განსხვავებული აზროვნების სტილით პასუხობს მას.
მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის სხვადასხვა ფორმა და საჭიროება არსებობს. მათ შორის ერთ-ერთია ფსიქოგანათლების მიმართულება, რომელიც თვითზრუნვის ფარგლებში, შესაძლოა, დამხმარე ინსტრუმენტი აღმოჩნდეს. ამავე დროს ფსიქოლოგიური განათლება იძლევა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა დროს შეიძლება დაგვჭირდეს უკეთ ყოფნისთვის დამატებითი ჩარევა სპეციალისტის მხრიდან.
ნებისმიერი სირთულის პოზიტიურად გადაჭრისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია დავარქვათ სახელი, რასთანაც გვაქვს საქმე, გამოვავლინოთ და შევიცვალოთ დამოკიდებულება მის მიმართ. რას გულისხმობს დამოკიდებულების ცვლილება? – შეგვეძლოს უკეთესად გავაცნობიეროთ, რომ ესა თუ ის სირთულე, შესაძლოა, ზრდისა და განვითარების წინაპირობაც აღმოჩნდეს. პიროვნების ზრდა-განვითარებას ყოველთვის თან ახლავს გამოწვევთან გამკლავება. ამასთან, სირთულეებში გარკვევის პროცესში, შესაძლოა, აღმოვაჩინოთ აქამდე უცნობი და ღირებული საკუთარი
პიროვნული მახასიათებელი, ან უნარი. მაგალითად, მენტალური ჯანმრთელობის ისეთი სირთულის დროს, როგორიც არის „თანაგრძნობით გადაწვა“, რომელიც „პროფესიული გადაწვის“ ერთ-ერთი მიმართულებაა, ის თავისთავად მოიაზრებს ემპათიის, თანაგრძნობის უნარის არსებობას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარია კომუნიკაციების მართვისა და ემოციური რეგულაციისთვის.
ფსიქოგანათლება გვეხმარება სწორედ იმაში, რომ სახელი დავარქვათ ჩვენს წუხილს, რომელსაც ვგრძნობთ, ან განვიცდით. თუ ის არაფორმალური განათლების ფორმატს მოიაზრებს, კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება დამოკიდებულებების ცვლილებაში და იმ უნარების განვითარებაში, რომელიც დაგვეხმარება სირთულეებთან გამკლავებაში. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება
მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ტიპის სირთულეების წინაშე დგანან, არამედ ასეთი სირთულის წინაშე მყოფი ადამიანების გარემოცვისთვის. მაგალითად, ოჯახის წევრებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ იმ ადამიანს, ვინც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგას.
სხვადასხვა კვლევა და პრაქტიკული გამოცდილება აჩვენებს, რომ აღზრდის სტილი ზემოქმედებს ბავშვის/მოზარდის მენტალურ ჯანრთელობაზე. როდესაც ბავშვს/მოზარდს აღენიშნება სხვადასხვა სახის მენტალურმენტალური სირთულე, მაგალითად, როგორიცაა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, შფოთვითი, ან დეპრესიული აშლილობა და ამ დროს მშობელს აქვს შესაბამისი ინფორმაცია და მიმღებლობა ამ მდგომარეობების შესახებ, ეს გარემოება ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის დამხმარე ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშობლის ფსიქოლოგიური განათლება თავად მისთვისაც დიდი სარგებლის მომტანია, რადგან ემატება თვითრწმენა და უმჯობესდება მისი ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხარისხი.
ფსიქოგანათლება, როგორც მენტალური ჯანმრთელობის სირთულეებთან გამკლავების ერთ-ერთი დამხმარე ფორმა, შესაძლოა მიზნად ისახავდეს საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას ან ის ასევე იყოს არაფორმალური განათლების ფორმატის ნაწილი, რომელიც ამავდროულად მოიაზრებს გარკვეული უნარების და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. გამოცდილებები გვაჩვენებს, რომ მხოლოდ ცოდნის მიღება ქცევის ცვლილებისთვის არ არის საკმარისი, თუ მას დამოკიდებულების ცვლილება არ ახლავს. სწორედ ამ მოსაზრებაზეა დაფუძნებული ზრდასრულთა და მოზარდთა არაფორმალური განათლების მიმართულება. მენტალური ჯანრთელობისთვის, მდგომარეობისა და ქცევის სასურველი მიმართულებით ცვლილებისთვის, ასევე შესაძლოა, აცულებელი გახდეს სხვა ფორმატის მხარდაჭერა, მაგალითად, ფსიქოთერაპევტთან ან/და ფსიქიატრთან ვიზიტი და შესაბამისი სეანსები. როგორც აღვნიშნეთ, ფსიქოგანათლება ასევე დამხმარე საშულებაა იმისთვის, რომ მიგვანიშნოს რა ტიპის სერვისი გვჭირდება უკეთ ყოფნისთვის. ასე რომ, თუ ადამიანი განიცდის მენტალური ჯანრთელობის ან ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკური ჯანრთელობის მიმართულებითაც (როდესაც ფსიქოსომატური სიმპტომებია სახეზე)
რაიმე სახის სირთულეს, შესაძლებელია დაიწყოს ფსიქოგანათლებით ან/და ჩივილებით მიმართოს ფსიქოლოგს ან/და ფსიქიატრს.
ნინო ელბაქიძე, ფსიქოლოგი