Netflix-ის მინი-სერიალი „მოზარდობა“ (Adolescence) დეტექტივი არ არის, აქ გაუთქმელ საიდუმლოს, ამოუხსნელ დანაშაულს, შოკისმომგვრელ მოულოდნელობას ვერ შეხვდებით. პირველივე ეპიზოდის ბოლოს უკვე ყველაფერი ნათელია – ჯეიმი მილერმა მოკლა კეტი ლეონარდი, მისი თანატოლი გოგონა. ვიდეოჩანაწერში ყველაფერი ჩანს, კადრებს უყურებს დამნაშავე – თინეიჯერი ბიჭი, მამამისიც. პოლიციას უტყუარი მტკიცებულებები აქვს. საკითხავი აღარაა „ვინ“ – მთავარი კითხვაა „რატომ?“
სერიალი ერთ კონკრეტულ პასუხს არ გვთავაზობს. „მოზარდობა“ ანგრევს დამნაშავის ცნებას, ჟანრის კანონიკას. ამ ისტორიაში კონკრეტული ანტაგონისტი არ არსებობს, ყველაფერი ბევრად უფრო ჩახლართული და გაუგებარია. დანარჩენი სამი სერია იმ ფაქტორებზე დაკვირვების დაჟინებული მცდელობაა, რომლებმაც 13 წლის ბიჭის ქცევა და ქცევის მოტივები განსაზღვრა. სერიალი გვაიძულებს დავინახოთ ის უმცირესი, შეუმჩნეველი დეტალები, რომლებმაც ჯეიმის გონება გარდაქმნა.
დანაშაულს დეტექტივი ბასკომბი იძიებს, რომელსაც მოტივის არცოდნა მოსვენებას არ აძლევს. მეორე ეპიზოდში, სკოლის მასშტაბურ სცენებში, ჩანს დეტექტივის შვილი, ადამი, რომელიც, მამისაგან განსხვავებით, კარგად იცნობს ჯეიმის — დამნაშავის სამყაროს ენას, (თავადაც ჩაგვრის მსხვერპლია სკოლაში) – ინტერნეტმიმები, Reddit, YouTube და Instagram კულტურა, ფორუმებზე დამკვიდრებული ტერმინოლოგია, ემოჯი-სიმბოლოები. მამა-შვილის დიალოგი კარგად ხსნის, რომ დანაშაული უბრალოდ აგრესიის აქტი კი არა, სოციალური კონტექსტის შედეგია.
რეჟისორის გადაწყვეტა — უწყვეტი კადრი
სერიალი გადაღებულია უწყვეტი, ერთიანი კადრით, რაც მაყურებელს ამ ისტორიიდან გაქცევის საშუალებას არ აძლევს. დაუმონტაჟებელი სურათი არღვევს მაყურებელსა და პერსონაჟებს შორის კომფორტულ დისტანციას, ჩვენ ვიმყოფებით ჯეიმის სამყაროში, მის გვერდით, ვუყურებთ, ვაკვირდებით, მაგრამ ვერაფერს ვცვლით. ეს მეთოდი ქმნის თეატრალურ ეფექტს, სადაც მაყურებელი მძიმე და დრამატული სცენების მხოლოდ შემსწრე და მოწმე კი არა, თანამონაწილე ხდება.
ცალკეულად აღსანიშნავია მუსიკა, Sting-ის ცნობილი სიმღერის, “Fragile”-ის ახალი ვერსია, თითქოს, აბსოლუტური სიზუსტითაა შერჩეული თემატიკისთვის. მუსიკა არ არის გადაჭარბებული, არ ქმნის ხელოვნურ დრამატიზმს, პირიქით, მინიმალისტური, მონოტონური და ცივი ფონია შემზარავი ამბისა, რომელიც გმირების ემოციურ სიმყიფეს გვაჩვენებს.
სოციალური მედია და ციფრული სიძულვილი
მთავარი გმირი, ჯეიმი ერთ ჩვეულებრივ დღეს მკვლელობის განზრახვით არ იღვიძებს. სერიალი სწორედ იმის ჩვენებას ცდილობს, რომ ეს ხანგრძლივი, ხშირად გარედან უხილავი პროცესია. სოციალური მედიის ალგორითმული მანიპულაცია მოზარდის ემოციის და შემდგომ უკვე, ქცევის პროვოცირებას იწვევს. მეორე ეპიზოდში თვალნათლივ ჩანს, როგორ იცვლება ბიჭის სხეულის ენა, როცა ტელეფონს უყურებს. შესაბამისად, იცვლება მისი დამოკიდებულებებიც სხვადასხვა საკითხის მიმართ. ჯეიმი უბრალოდ არ „სქროლავს“.
სერიალზე “The Guardians”-ის სტატიას ვკითხულობდი, რომელიც ამ იდეით იწყება: ჩვენ, მშობლები დიდ ძალისხმევას ვდებთ – შვილებს ვასწავლოთ გზაზე უსაფრთხოდ გადასვლა, უცხოებთან ურთიერთობა, სიფრთხილე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგრამ არ ვასწავლით, როგორ გამოიყენონ ინტერნეტ სივრცე, რა უნარები სჭირდებათ ამ გაუკვალავ გზაზე ნავიგაციისათვის.
მართლაც ასეა, როცა მშობლებს ჰგონიათ შვილები თანაკლასელებს წერენ სოციალურ ქსელებში, სწორედ ამ დროს, შესაძლოა, ტიკტოკის ალგორითმი ენდრიუ ტეიტის შესახებ ვიდეოებს უჩვენებდეს მათ ეკრანებზე. ჯეიმის ამბავი ცხადი მაგალითია, როგორ შეიძლება ინტერნეტ, თითქოს და, მიკროსამყარომ (რეალურად, ინფორმაციის ოკეანემ) ჩაითრიოს უწყინარი მოზარდი და გააცნოს “წითელი აბები”, “80/20-ის წესი”, ტოქსიკურად მასკულინური იდეები. მშობლების თაობისთვის ეს ინტერნეტ ენა – უცხოა, “ჩინური” – როგორც ვეძახით ხოლმე სრულებით გაუგებარ საკითხებს, რომელიც უბრალოდ არ გვესმის, რადგან ჩვენს სააზროვნო სიბრტყეზე არაფრით თავსდება, სწორედ ამიტომ, ადამი, დეტექტივის შვილი აღნიშნავს კიდეც, “უფროსები დაბნეულები დადიან და ვერაფერს ხვდებიან.”
მესამე ეპიზოდი – დეკონსტრუქცია
მიუხედავად იმისა, რომ სერიალის პირველივე წუთებიდანვე აბსოლუტურად გაუცნობიერებელმა შფოთვამ და დაძაბულობამ შემიპყრო, მესამე ეპიზოდი განსაკუთრებით მძიმე სანახავი აღმოჩნდა ჩემთვის.
აღნიშნულ სერიაში ჯეიმის საპატიმროში სტუმრობს ფსიქოლოგი – ბრიონი, რომელიც, ცხადია, წლებია ამ საქმითაა დაკავებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთ მძიმე სურათთან შეხება ჯერ არ ჰქონია, ამიტომაც საინტერესოა, როგორც ბიჭზე, ასევე ფსიქოლოგზე დაკვირვებაც.
საპატიმროს თანამშრომელი კაცისგან გაბეზრებული ფსიქოლოგი ქალი ცდილობს შეინარჩუნოს პროფესიული ეთიკა, დარჩეს ამოცანებზე ფოკუსირებული და ემოციებს არ მისცეს საშუალება დიალოგზე გავლენა იქონიოს.
ამ გასაუბრების დროს, ბიჭის დეკონსტრუქციას ვხედავთ. ბრიონს ბიჭისთვის მისი საყვარელი სენდვიჩი და ცხელი შოკოლადიც მიაქვს, პირველადი ნდობის მოსაპოვებლად, ყინულის გასალღობად.
დიალოგი იწყება და ბრიონი ფეხაკრეფით ჩადის ჯეიმის გონების ყველაზე ბნელ კუნჭულებში. მთელი ეს პროცესი მაყურებლის ემოციებზეც აისახება, იქმნება მოლოდინი, რომ მოზარდი თერაპიის დროს გულს გადაშლის, ვნახავთ მის სინანულს, თვითრეფლექსიას. თუმცა, ასე არ ხდება. მათი მსჯელობა ბევრჯერ წყდება, კეთილგანწყობას ბრაზი ცვლის, ბრაზს იმედგაცრუება. რამდენიმე მონაკვეთში მოზარდში დაგროვებული ბრაზი იმპულსურად იფრქვევა და ყვირილში, ნივთების სროლაში, მაგიდაზე ხელის დაბრახუნებაში ითარგმნება. გენდერული იდენტობა, მიზიდულობა საპირისპირო სქესის მიმართ, მიზოგინია – ეს საკითხები ფრთხილად ჟღერდება ფსიქოლოგის მხრიდან.
ძალიან საგულისხმოა კულმინაცია, როცა ჯეიმი დაჟინებით სთხოვს ბრიონს პასუხს კითხვაზე “მოგწონვარ თუ არა?”. მას ძალიან სჭირდება დადებითი პასუხის მოსმენა. მოზარდი დათრგუნული, გულდაწყვეტილი, იმედგაცრუებული, დამარცხებულია, თითქოს, მხოლოდ ბრიონს შეუძლია მისთვის ხელახალი ლეგიტიმაციის მინიჭება.
ჯეიმი ერთადერთი არ არის, რომელიც ამ საუბრის დასრულებას და გამომშვიდობებას განიცდის, ეპიზოდის ბოლო კადრი ბრიონის ცრემლებია ცარიელ ოთახში – იმ ოთახში, რომელიც იმედის სივრცე იყო ორივესთვის. მათ მხოლოდ ერთი წამით შეეძლოთ დაეჯერებინათ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ როგორც კი, ოთახს ტოვებენ, ილუზია ქრება და რეალობა მთელი სიცხადით ანარცხებთ მიწაზე.
საბოლოოდ, ჯეიმის სახეზე არც ბრაზია, არც სინანული – მხოლოდ სიცარიელე.
დამნაშავე არავინაა — ყველა დამნაშავეა
ამ სერიალს გულგრილი მაყურებელი არ ჰყავს – ამაზე ის დისკუსიებიც მოწმობს, რომელიც სერიალის გამოსვლისთანავე გაჩნდა და დღემდე არ შეწყვეტილა. ალბათ, იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი შეიძლება ვიყოთ ედი და მანდა – ჯეიმის მშობლები.
ერთი შეხედვით, ჯეიმი მშვიდ, ფუნქციურ ოჯახში ცხოვრობს, ოჯახის წევრები ერთმანეთს გულშემატკივრობენ, უპირობოდ უყვართ, თითქოს იცნობენ კიდეც. არ ჩანს ძალადობის, ტრავმის ნიშნები, რაც ახსნიდა, როგორ გავიდა ერთ ჩვეულებრივ საღამოს პატარა ბიჭი სახლიდან და როგორ დაბრუნდა შინ მკვლელი, მის ნაცვლად. სწორედ ამ დანაშაულის “აბსურდულობაა”, რაც სერიალს განსაკუთრებით შემაძრწუნებელს ხდის. ის გვიჩვენებს, რომ დღესდღეობით ჩვენი შვილებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე, შესაძლოა, არც უშუქნიშნო გზის გადაკვეთა იყოს და არც მეგობრის წვეულებაზე გვიანობამდე დარჩენა, არამედ საკუთარ საძინებელში, საბნის ქვეშ, გაჯეტში მანათობელი შეტყობინებები.
როგორ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, სინამდვილეში რა ხდება ჩვენი შვილების ცხოვრებაში? და როგორ უნდა დავიცვათ ისინი?
ბოლო სცენა – ედი, ჯეიმის მამა, სინანულით და ტკივილითაა სავსე, ბრაზისგან გათავისუფლებული, აქვითინებული – ჯეიმის სათამაშო დათუნიას საწოლში ფრთხილად აწვენს, მის წინაშე ბოდიშს იხდის და ამბობს “ბოდიში, შვილო, უკეთესი უნდა ვყოფილიყავი.”
შეგვიძლია მშობლებისკენ ხელის გაშვერა ასეთ დროს? ან მასწავლებლისკენ? ან მეგობრებისკენ?
სერიალი დამნაშავეს არ ეძებს, არც ასამართლებს, გვაჩვენებს, რომ ჯეიმი ერთი “უნიკალური” შემთხვევა კი არ არის, ზოგადი, კრებითი შედეგია. ოჯახში შეუმჩნეველი შფოთვის, უგულებელყოფილი ემოციების, საზოგადოების უპასუხისმგებლობის, სასკოლო გარემოს გულგრილობის, რესურსებისა და ცოდნის ნაკლებობის და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორის შედეგი. იქნებ, მონსტრები, რომლებიც ბავშვობაში საწოლის ქვეშ გვეგულებოდა ახლა ჩვენს გაჯეტებში უნდა ვეძებოთ?
დაბოლოს, ჩემთვის სერიალი ერთ მნიშვნელოვან კითხვას ტოვებს:
რამდენი სხვა ჯეიმი არსებობს ჩვენ ირგვლივ, რომლებსაც ვერ ვამჩნევთ?
ლიკა ჩხაიძე