როგორ მოქმედებს მადლიერება ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე

მადლიერების გრძნობა ჩვენს ტვინს უგზავნის სიგნალს, რომელიც შემდგომ ბედნიერების შეგრძნებას გვიბრუნებს. ნეირომეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გულწრფელი მადლობა მენტალურ და ემოციურ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.

ფსიქოლოგებმა, რობერტ ემონსმა და მაიკლ მაკალომ, 2015 წელს ჩაატარეს კვლევა, რომელიც მადლიერების გამოხატვით მიღებულ სარგებელს აღწერს. პირველ ეტაპზე, მათ კვლევის სუბიექტები სამ ნაწილად დაჰყვეს. ერთ ნაწილს სთხოვეს, მოემზადებინათ დღიური, რომელშიც აღწერდნენ კვირის განმავლობაში მომხდარ სასიამოვნო ფაქტებს. მეორე ჯგუფს ევალებოდა, ჩაენიშნა ყველა მოვლენა, რომელიც მათთვის გამაღიზიანებელი იქნებოდა. ხოლო დანარჩენებს უნდა ჩამოეწერათ სიტუაციები, რომელიც არც დადებით და არც უარყოფით ემოციებს აღძრავდა მათში.

კვლევის შედეგად, აღმოჩნდარომ საკუთარი ცხოვრების მიმართ დადებითად და ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი პირების ექიმთან კონსულტაციაზე ვიზიტის სიხშირე ბევრად ნაკლები იყო ვიდრე მათივინც კვლევის განმავლობაში მხოლოდ ნეგატიურ აზრებს იწერდნენ.

როგორც კვლევებიდან ირკვევა, მადლიერების გრძნობა ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ფსიქოლოგები გვირჩევენ 3 გზას, თუ როგორ გავხდეთ უფრო მადლიერი:

1. შექმენით დღიური, რომელშიც აღწერთ დღის განმავლობაში მომხდარ სასიამოვნო მოვლენებს. სასურველია, დაწეროთ დილით, ახალი დღის დაწყებამდე, ან ღამით, ძილის წინ.

2. ყოველ დღე გაუმხილეთ ადამიანებს თუნდაც ერთი მიზეზი, თუ რატომ ხარ მათი მადლიერი.

3. ერთი წუთის განმავლობაში დააკვირდით საკუთარ თავს სარკეში და გაიაზრეთ თქვენი მიღწევები და დადებითი მხარეები.

თანამედროვე ფსიქოლოგია ადამიანებში მადლიერების გრძნობის გაღვივებაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს. მადლიერების გამოხატვა სტრესისა და შფოთვის შემცირებას უწყობს ხელს. იგი ამცირებს უარყოფით ემოციებს, მათ შორის, დეპრესიის სიმპტომებს, რაც თავისთავად, დადებითად აისახება მენტალურ ჯანმრთელობაზე. მადლირების გამოხატვისას ჩვენს ტვნიში გამომუშავდება მნიშვნელოვანი ჰორმონები, კერძოდ კი, სეროტონინი და დოფამინი, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩვენი ბედნირების შეგრძნებასა და ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხზე. სეროტონინი განაპირობებს ჩვენს კარგ განწყობას, დოფამინი კი კმაყოფილებისა და სურვილის ჰორმონია, რომლის გამოყოფის შედეგადაც ადამიანებში იმატებს სასიცოცხლო ენერგია, მიზანსწრაფულობა, მოტივაციის დონე…

რამდენიმე თანამედროვე კვლევა მადლიერების გრძნობისგან მიღებულ ფსიქოლოგიურ სარგებელს უკეთ ხსნის.

1.  მადლიერების გრძნობა გვათავისუფლებს ტოქსიკური ემოციებისგან

კვლევის ეტაპზე ჯგუფის წევრების მიერ თავიანთ დღიურში გამოყენებულმა სიტყვებმა მეცნიერებს მისცა საშუალება, შეედარებინათ ნეგატიური და პოზიტიური ემოციის მატარებელი ფრაზების რაოდენობა პროცენტებში. აღმოჩნდა, რომ მადლიერების გამომხატველი ჯგუფის წევრების ჩანაწერებში ნაკლებად იყო გამოყენებული უარყოფითი და ნეგატიური ტონი. ადამიანი, რომელიც დადებით ემოციებს გამოხატავს, თავისუფლდება უარყოფითი შეგრძნებებისგან.

2. მადლიერება გვეხმარებათუნდაც ის არ იყოს გაზიარებული

კვლევის მიხედვით, არ არის აუცილებელი მადლობის წერილი ადრესატთან იქნას გაგზავნილი. მადლობის წერილის დაწერა, თუნდაც კომუნიკაციის გარეშე, ადამიანს დადებითი ემოციებით ავსებს.

3. მადლიერების გრძნობისგან სარგებლის მიღებას დრო სჭირდება

მეცნიერების თქმით, თუ დაიწყებთ მადლიერების გამოხატვის აქტივობებში ჩართვას, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ შედეგს მაშინვე ვერ მიიღებთ. ამ ყველაფერს მოთმინება და დრო სჭირდება.

მართალია, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანებს ბევრი რთული დღის გავლა გვიწევს, რაც სტრესული და დამთრგუნველი შეიძლება იყოს. ამ დროს, შეიძლება გაგვიჩნდეს განცდა, რომ მადლიერების მიზეზი არ გვაქვს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული რჩევების გათვალისწინება დაგვეხმარება გავიაზროთ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გვგონია. როგორც კვლევებით დადასტურდა, თუ ყოველ დილით ჩამოვწერთ იმ მიზეზებს, რის გამოც შეიძლება ცოტაოდენ მადლიერებას მაინც ვგრძნობდეთ სამყაროს, სხვა ადამიანების თუ საკუთარი თავის მიმართ, დროთა განმავლობაში გაცილებით მეტ პოზიტიურ შინაგან ენერგიას დავიგროვებთ და ჩვენ ირგვლივ მადლიერების კიდევ უფრო მეტ მიზეზს შევამჩნევთ.

სტატიის თარგმანი: ქეთო სანიკიძე

წყარო