არსებობს ძილის ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული ფაზა:
ძილი თვალების სწრაფი მოძრაობის გარეშე (Non-Rapid Eye Movement (NREM)) ან „მშვიდი“ ძილი. ამ ფაზის მანძილზე კუნთებისკენ გაძლიერებულად მიედინება სისხლი, აღდგება ენერგიის მარაგი, ქსოვილი იზრდება და დაზიანებული ქსოვილები აღდგება, გამოიყოფა ზრდისა და განვითარებისათვის საჭირო ჰორმონები.
თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზა (Rapid Eye Movement (REM)) ანუ „აქტიური“ ძილი. ძილის ამ ფაზის მანძილზე ჩვენი თავის ტვინი აქტიურია და სიზმრები გვესიზმრება. ჩვენი სხეული უძრავი ხდება, ხოლო სუნთქვა და გულისცემა – არათანაბარი.
ახალშობილები და ჩვილები დროის 50 პროცენტს ატარებენ თითოეულ ფაზაში და თითოეული ციკლი, დაახლოებით, 50 წუთის მანძილზე გრძელდება. დაახლოებით, ექვსი თვის ასაკისთვის, თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზა ძილის 30 პროცენტს შეადგენს. სკოლამდელი ასაკისთვის, ძილის ციკლი 90 წუთის მანძილზე გრძელდება.
ძილი და ახალშობილები (0 – 3 თვის ასაკი)
ახალშობილების ძილ-ღვიძილის ციკლი კვების, ზრუნვისა და საზრდოობის მოთხოვნილებასთან ურთიერთქმედებს და მასზეა დამოკიდებული. ახალშობილებს დღე – ღამეში, 10.5 – 18 საათის მანძილზე სძინავთ და მათი განრიგი მოუწესრიგებელი და არათანმიმდევრულია. ძილის მდგომარეობას შორის განთავსებულია მღვიძარების მდგომარეობები, რომლებიც 1 – 3 საათის მანძილზე გასტანს, ძილი კი რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. ხშირად ძილის დროს ახალშობილები აქტიურები არიან: ამოძრავებენ კიდურებს, იღიმიან, თითს წოვენ და მოუსვენრობენ.
ახალშობილები ძილის მოთხოვნილებას სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ზოგი ახალშობილი აფორიქებულია, ზოგი ტირის, ხოლო ზოგი თვალებს ისრესს ან ძილის მოთხოვნილებას სხვა, მისთვის დამახასიათებელი ჟესტით გამოხატავს. უკეთესია, ახალშობილი დასაძინებლად მაშინ დააწვინოთ, როდესაც ეძინება და არა მაშინ, როდესაც ჩაეძინა. ამ შემთხვევაში, ისინი მარტივად იძინებენ და ეჩვევიან დამოუკიდებლად დაძინებას. დღის მანძილზე განათებაში ყოფნა, ხმაური და მათთან თამაში, ახალშობილებს აჩვევს დღის მანძილზე ნაკლებ ძილს, ხოლო, საღამოს მოახლოებასთან ერთად, შეგვიძლია, გარემო გავათავისუფლოთ ხმაურისგან, უზრუნველვყოთ სიმშვიდე, ნაკლები აქტივობა და დაბურული გარემო.
ახალშობილის ძილის ხელშემწყობი რჩევები
- დააკვირდით ახალშობილის ძილის პატერნს და ისწავლეთ ძილის მოთხოვნილებაზე მანიშნებელი ნიშნები.
- ჩააწვინეთ ახალშობილი საბავშვო ლოგინში მაშინ, როდესაც ძილი ერევა და არა, მაშინ, როდესაც ჩაეძინება.
- დააწვინეთ ახალშობილი ზურგზე, სახე და თავი გაათავისუფლეთ პირსახოცებისა და სხვა, რბილი ნივთებისაგან.
- დაეხმარეთ ღამის ძილში.
ძილი და ჩვილები (4 – 11 თვის ასაკი)
დაახლოებით, ექვსი თვის ასაკისთვის, ღამის მანძილზე კვება აღარაა აუცილებელი და ბევრ ჩვილს ღამის მანძილზე სძინავს. ცხრა თვის ჩვილების, დაახლოებით, 70 – 80 პროცენტი ასე იქცევა. როგორც წესი, ჩვილებს ღამეში 9 – 12 საათის მანძილზე სძინავთ, დღის მანძილზე, სულ მცირე, ერთხელ და არაუმეტეს ოთხჯერ, 0.5 – 2 საათის მანძილზე თვლემენ და ერთი წლის ასაკის მოახლოებასთან ერთად თვლემის მონაკვეთების რაოდენობა სწრაფად მცირდება.
როდესაც ჩვილებს დასაძინებლად აწვენენ მაშინ, როდესაც მათ ეძინებათ და არა მაშინ, როდესაც მათ ძინავთ, ისინი, დიდწილად, თავად იმშვიდებენ თავს, რაც მათ ჩაძინებაში და ღამის მანძილზე, ძილის გაგრძელებაში ეხმარება. ისინი, ვინც შეეჩვია მშობლის თანხლებას ძილის დროს, „შემტყობინებლებად“ ყალიბდებიან, ტირილით უხმობენ მშობლებს იმისათვის, რომ ისინი ძილის გაგრძელებაში დაეხმარონ.
განვითარების თავისებურებებსა და სოციალურ საკითხებს შეუძლიათ ძილზე გავლენის მოხდენა. მზრუნველ პირთან უსაფრთხოების განცდით დაკავშირებულ ჩვილებს ძილის ნაკლები პრობლემა აქვთ, თუმცა, ზოგიერთ მათგანს შეიძლება უჭირდეს ურთიერთობაზე უარის თქმა ძილის დროსაც კი. პირველი წლის მეორე ნახევარში ჩვილები განშორების შფოთვასაც განიცდიან. შესაძლოა, ავადმყოფობამ და მოტორული უნარების დაჩქარებულმა განვითარებამ ხელი შეუშალოს ძილს.
ჩვილის ძილის ხელშემწყობი რჩევები
- შექმენით დღისა და ღამის თანმიდევრული განრიგი.
- შექმენით დაძინებამდე შესასრულებელი, შესატყვისი აქტივობების ჩამონათვალი.
- უზრუნველყავით ძილის ხელშემწყობი გარემო.
- ხელი შეუწყვეთ ჩვილს დამოუკიდებლად ჩაძინებაში.
ძილი და ერთიდან ორ წლამდე ბავშვები
ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებს დღე – ღამეში ძილი, დაახლოებით, 11 – 14 საათის მანძილზე სჭირდებათ. დაახლოებით 18 თვის ბავშვები დღეში ერთხელ, ერთი – სამი საათის მანძილზე თვლემენ. დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე თვლემას შეუძლია ხელი შეუშალოს ძილს. ამიტომ, ძილის დროსა და თვლემას შორის საკმარისი დრო უნდა იყოს გასული.
ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბევრ ბავშვს ძილის პრობლემები აქვს, რომელიც დასაძინებლად დაწოლის გაპროტესტებას და ღამის მანძილზე გაღვიძებებს მოიცავს. ღამის შიშები და ღამის კოშმარებიც საკმაოდ ხშირია.
ძილის პრობლემების გამოწვევა მრავალ ფაქტორს შეუძლია. ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვები დამოუკიდებლობისკენ ილტვიან და მოტორული, შემეცნებითი და სოციალური უნარების განვითარების აჩქარებას შეუძლია ძილს ხელი შეუშალოს.
სხვა ფაქტორები, რომლებსაც შეუძლია ხელი შეუშალოს ძილს ლოგინიდან გადმოსვლის უნარი, განცალკევების შფოთვა, დამოუკიდებლობის მოთხოვნილება და წარმოსახვის უნარის განვითარებაა. დღის მანძილზე ძილიანობა, შესაძლოა, ძილის პრობლემაზე ან უხარისხო ძილზე მიანიშნებდეს.
ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვის ძილის ხელშემწყობი რჩევები
- მიჰყევით ყოველდღიურ ძილის განრიგს და ძილისთვის მოსამზადებელ განრიგს.
- უზრუნველყავით ერთნაირი გარემო საძინებელ ოთახში ყოველ ღამე და ღამის მანძილზე.
- დააწესეთ შეზღუდვები, რომლებიც შესატყვისი, ბავშვთან შეთანხმებული და განხორციელებულია. წაახალისეთ უსაფრთხოების განცდის უზრუნველმყოფი ობიექტების გამოყენება. მაგალითად, საბანი ან რბილი სათამაშო.
ძილი და სკოლამდელი ასაკის ბავშვები (3 – დან 5 წლამდე)
სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, როგორც წესი, 11 – 13 საათის მანძილზე სძინავთ და მათი უმრავლესობა ხუთი წლის ასაკიდან აღარ თვლემს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ისევე როგორც ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებს, უჭირთ ჩაძინება და ღამის მანძილზე ხშირად ეღვიძებათ. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებში წარმოსახვის უნარის განვითარება გრძელდება, ხშირად, ისინი ღამის შიშებითა და კოშმარებით იტანჯებიან. გარდა ამისა, ამ ასაკში ხშირია ღამის ტერორები და სომნამბულიზმი.
სკოლამდელი ასაკის ბავშვის ძილის ხელშემწყობი რჩევები
- დაიცავით ძილის თანმიმდევრული და შესაბამისი განრიგი.
- გქონდეთ ძილისთვის მოსამზადებელი, მომადუნებელი აქტივობები, რომელთაც, უშუალოდ, საძინებელ ოთახში განახორციელებთ.
- ბავშვს უნდა ეძინოს ერთსა და იმავე, ძილისათვის შესაბამის გარემოში: გრილ, მშვიდ და ჩაბნელებულ ოთახში, სადაც არ არის განთავსებული ტელევიზორი.
ძილი და სკოლის ასაკის ბავშვები (6 – დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები)
ექვსიდან ცამეტ წლამდე ასაკის ბავშვებს 9 – 11 საათიანი ძილი სჭირდებათ. ამასთანავე, ისინი მეტ საშინაო დავალებას ასრულებენ, დაკავებული არიან სპორტით, სხვა დამატებითი აქტივობებით და სოციალური კავშირების გამრავალფეროვნებით. გარდა ამ ყველაფრისა, სკოლის ასაკის ბავშვები მეტად ინტერესდებიან ტელევიზორით, კომპიუტერებით, მედიითა და ინტერნეტით ისევე, როგორც კოფეინის შემცველი პროდუქტებით. ამ ყველაფერს კი შეუძლია, ჩაძინების სირთულეს, კოშმარებს და ძილის შეწყვეტას შეუწყოს ხელი. კონკრეტულად: დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე, ტელევიზორის ყურება დაძინების გადავადებას, ჩაძინების სირთულეს, დაძინებამდე შფოთვას და ძილისთვის გამოყოფილი საათების შემცირებას უკავშირდებოდა.
ამ ასაკის ბავშვებში გავრცელებულია ძილის პრობლემები და აშლილობები. უხარისხო და შეუსაბამო ძილს გუნება – განწყობის მერყეობის, ქცევის პრობლემებისა და შემეცნებით უნარებთან დაკავშირებული პრობლემების აღძვრა შეუძლია, რაც გავლენას ახდენს სწავლის უნარზე.
სკოლის ასაკის ბავშვის ძილის ხელშემწყობი რჩევები
- გაამდიდრეთ სკოლის ასაკის ბავშვების ცოდნა ჯანმრთელი ძილის ჩვევებთან დაკავშირებით.
- განაგრძეთ ძილის შესაბამისი განრიგის და დაძინებამდე შესასრულებელი აქტივობების მნიშვნელობის ხაზგასმა.
- ბავშვის ოთახი ძილისთვის საჭირო პირობებს შეუსაბამეთ: ოთახი უნდა იყოს ჩაბნელებული, გრილი და მშვიდი.
- გაათავისუფლეთ საძინებელი ოთახი კომპიუტერებისა და ტელევიზორისგან.
- განარიდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტების გამოყენებას.
სტატია საიტისთვის თარგმნა ფსიქოლოგმა ანა ღვინიანიძემ.
წყარო: https://bit.ly/2uLHynI