თუ ჩათვლით, რომ სკოლა ერთი დიდი ეკონომიკური ბაზარია, სადაც თქვენი პროდუქცია „ცოდნა“ უნდა შეიტანოთ და სარფიანად გაყიდოთ, რა უფრო მომგებიანი იქნება, დაკარგოთ რამდენიმე პოტენციური „კლიენტი“ თუ ისინი გადმოიბიროთ და თქვენივე პროდუქციის რეალიზაციაში ჩართოთ მაშინ, როცა „ბაზარს“ საუკეთესოდ სწორედ ისინი იცნობენ (და ამაში ვერავინ შემედავება, რომ სკოლის განწყობას საუკეთესოდ ბავშვები გრძნობენ).
სკოლაში მისვლიდან რამდენიმე დღეში მთლიანად გავერკვიე მდგომარეობაში. ჩემთვის გამოვკვეთე ჯგუფების ღია და ფარული ლიდერები, ორი-სამჯერ შატალოზეც წავედი ბავშვებთან ერთად, ფეხბურთიც ვითამაშეთ მუხლების გადატყავებამდე და წიგნებთანაც მივედით, მაგრამ მივედით ერთად, მაშინ, როცა პირველი წვიმა წამოვიდა და „სხვა სალაპარაკო“ არაფერი გვქონდა.
შემეცნების სურვილი, სხვა ბუნებრივ მოთხოვნილებებთან ერთად, ადამიანის გენეტიკაში იმთავითვე დევს. ჩვენ მიგვაჩვიეს აზრს, თითქოს განათლების მოთხოვნილება ყველა ადამიანს არ აქვს, რომ ზოგი წიგნის მიმართ (იგულისხმება ახალის შემეცნების სურვილი) ზიზღითაა განწყობილი, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, ადამიანი ყოველთვის ეძებს რამე ახალს, რაიმე ისეთს, რაც არ იცის (სხვათაშორის ამ სურვილით კარგად სარგებლობს მასმედია) და შემეცნებისკენ ამ სწრაფვას სუბლიმირებას უკეთებს ისეთი მარტივი გასართობებით, როგორიცაა კროსვორდების ამოხსნა, სტრატეგიული კომპიუტერული თამაშების თამაში, თქვენ წარმოიდგინეთ, ტოტალიზატორით გატაცებაც კი. რამდენჯერ მინახავს ადამიანი ავტობუსში, რომელიმე სპორტულ წვრილი შრიფტითა და ცუდ ქაღალდზე დაბეჭდილ გაზეთს რა გამალებითა და ჟინით კითხულობს და ჩაკირკიტებს „ახალ აღმოჩენას“ აკეთებს, თუ რა კომბინაციით უნდა მოიგოს ბევრი ფული. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფულის მოგების სურვილი დომინანტია, მაგრამ დამიჯერეთ, კითხვის სურვილი, შემეცნების სურვილი არც თუ ისე უკანა პლანზე დგას.
მოკლედ, თემას ავცდი და დამწყებ მკითხველთან სწორი ურთიერთობის დასაწყებად უმთავრესია ავტორიტეტის მოპოვება, ან სხვაგვარად ვიტყვი, აჯობებს წიგნი იმან შესთავაზოს, ვისაც წიგნიერის სახელი აქვს. აბა, ბავშვს რომ კითხვას ვაძალებთ, მას კი ჩვენს ხელში, სასთუმალთან ან ჯანდაბას საპირფარეშოში წიგნი არ დაუნახავს, ხომ გაუჩნდება მარტივი და არაცნობიერი, მაგრამ ლოგიკური კითხვა – თუ წიგნიერება კარგია, შენ რატომ გძულს ასეო? წარმოიდგინეთ, ზნეობასა და მორალს რომ გიქადაგებდეთ ქურდბაცაცა, გარყვნილი, სრულიად უპატიოსნო ადამიანი, განა მისი სიტყვები დასაჯერებელი იქნება?!
დამწყები მკითხველი ყოველთვის ეჭვიანია წიგნის მიმართ. არის შემთხვევები, როცა ფიზიოლოგიური წინაღობაც იჩენს თავს – მაგალითად, დაიწყებ კითხვას და თავიც გტკივდება, თვალები გებლიტება, შინაგანად ხურხარ, მაგრამ ეს საშიში არაა, განა ყველას იგივე არ ემართება ზემო იმერეთში, ოყიანი თოხით ხელში პაპანაქება სიცხეში ყანაში რომ შეაგდო სამარგლავად? მაგრამ როგორი მიჩვევა იცის? საკმარისია, შვიდი, ხუთი და ჯანდაბას, სამი წიგნი მაინც წაიკითხო მიჯრით, რომ მინიმუმ შიშის გრძნობა ქრება, ფურცლის შარი-შური სასაფლაოზე უკუნით ღამეში რკინის რაკა-რუკივით აღარ მოგვესმის.
ამონარიდი გურამ მეგრელიშვილის წიგნიდან „როგორ ველაპარაკოთ შვილებს